რა არის ღრძილის რეცესიის მიზეზი?

ღრძილების რეცესია (ღრძილის დაწევა და ფესვის გაშიშვლება) ყველაზე ხშირად კბილების აგრესიული ხეხვის შედეგია, როდესაც, პირველ რიგში ხდება რბილი ქსოვილების (ღრძილის) და ზოგიერთ შემთხვევაში მაგარი ქსოვილების (კბილის მინანქრის და დენტინის) ცვეთაც. დიახ, ცვეთა ყოველდღიური მიკროტრავმების შედეგად, ისევე, როგორც მაგალითად ფეხსაცმლის ძირების ცვეთა. ზოგიერთი ისე ხმარობს ფეხსაცმელს, რომ წლობით ატარებს, ზოგი კი რამოდენიმე დღეში ფეხსაცმლის ძირებს ისე ცვეთს, რომ ხელოსანთან მიაქვს გასაკეთებლად. ამის მაგალითად წარმოგიდგენთ 2 შემთხვევას.

პირველ სურათზე გადაღებულია პაციენტი, რომელმაც ბევრჯერ იმკურნალა “პაროდონტოზი” უშედეგოდ. პირის ღრუ დათვალიერების შემდეგ მან გვაჩვენა თავისი კბილი ჯაგრისი, რომელიც თან ჰქონდა. ჯარგისი ძალიან გაცვეთილი იყო და ყვავილივით გადაფურჩქნული (არადა პაციენტმა აღნიშნა რომ 1 თვის წინ გამოცვალა). კბილების ხეხვის დემონსტრირების შემდეგ ნათელი გახდა ხეხვის აგრესიული მანერა. ასეთი პაციენტებისთვის ყველაზე მთავარი იმის ახსნაა, რომ თავად არიან დამნაშავეები ღრძილებისა თუ კბილების ცვეთაში და კბილების ხეხვა “გამურული ქვაბის ხეხვას” არ უნდა დაემსგავსოს. მკურნალობა ამ შემთხვევაში ჯერ კბილის ხეხვის ტექნიკის გამოსწორებაა და შემდეგ ქირურგიული მეთოდებით ღრძილის რეცესიის კორექცია.

მეორე სურათზე გამოსახულ პაციენტს სურდა, რომ უფრო თეთრი კბილები ჰქონოდა და კბილის ყელის მიდამოში ყვითელს რომ ხედავდა, კბილის ნადები ეგონა და კიდევ უფრო გულმოდგინედ იხეხავდა. სამწუხაროდ, იგი ცდილობდა გაეხეხა კბილის ფესვის ზედაპირი, რომელიც მინანქრით არაა დაფარული და წარმოასგენს კბილის ფესვის ზედაპირს რაც უფრო მოყვითალო ფერისაა.