თუ თქვენ დაგისვეს დიაგნოზი — პაროდონტიტი,

და გაინტერსებთ რა ეტაპებს მოიცავს მკურნალობა, რისი შეცვლა მოგიწევთ, რას უნდა მოელოდეთ მკურნალობის პერიოდში, აი რამდენიმე ძირითადი ასპექტი:
1️⃣ პირველი და უმთავრესი, რასაც პაროდონტოლოგი მოითხოვს თქვენგან და რაც მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული, ესაა ჰიგიენური ჩვევების შეცვლა. რამდენადაც პაროდონტის დაავადების მიზეზი ნადებია (რბილი და მაგარი), ესეიგი თქვენი ჰიგიენა არ არის დამაკმაყოფილებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში დაავადებაც არ იქნებოდა. ამიტომ აუცილებელია სწორი ჰიგიენა და ჩვევების კორექცია.
2️⃣ ქვების მოშორება. ამ ეტაპს თავად ექიმი ასრულებს სპეციალური აპარატურის, ინსტრუმენტების და ტექნიკის გამოყენებით. დაავადების გამომწვევი მიზეზის მოშორება პირველი პირობაა მკურნალობის გეგმაში.
3️⃣ ოკლუზიის კორექცია. ჩვეულებრივ ეს ეტაპი მაშინ ხორციელდება, როცა ანთების ნიშნები უკვე მოხსნილია. იგი მიზნად ისახავს იმ მიკროტრავმების აღმოფხვრას, რომელიც არასწორი თანკბილვის, კბილების მორყევის ან პარაფუნქციური ჩვევების (ბრუქსიზმი, კბილების კრაჭუნი) გამო მოქმედებს პაროდონტის ქსოვილებზე. ამ მიზნით ხდება ზოგიერთი კბილის ზედაპირის მოქლიბვა, ან თუ საჭიროა ორთოდონტიული მკურნალობაც კი.
4️⃣ ქირურგია. სიტუაციის მიხედვით, თუ არაქირურგიული მკურნალობა არ არის საკმარისი შედეგის მისაღებად, მკურნალობაში ერთვება ქირურგიული მეთოდები. დღესდღეობით მრავალი ქირურგიული ტექნიკა არსებობს, რომელიც გამოიყენება როგორც პაროდონტის ქსოვილებში ჯანსაღი გარემოს შესაქმენლად და ჰიგიენის გასაადვილებლად, ასევე დაკარგული ღრძილისა და ძვლის ქსოვილის რეგენერაციისათვის.
⚠️ პაროდონტის დაავადება იკურნება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მთავარი პირობა — სწორი ჰიგიენური ჩვევები, დაცულია.