იცით თუ არა რაში მდგომარეობს ექიმი-პაროდონტოლოგის სპეციფიკა👇

პაროდონტოლოგი არის სტომატოლოგი, რომელიც სპეციალიზდება პაროდონტის დაავადების პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდებში. გარდა ამისა, პაროდონტოლოგი ასევე შეიძლება სპეციალიზდებოდეს დამატებით დენტალურ იმპლანტაციაშიც და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებებშიც. ისინი სტომატოლოგის კვალიფიკაციის მიღების შემდეგ გადიან სპეციალურ სწავლებას პაროდონტოლოგიაში ვიწრო პროფილით, შემდეგ კი პერიოდულად — ტრეინინგებს პროფესიული ზრდისთვის.
პაროდონტოლოგები მკურნალობენ ღრძილების ყველა სახის დაავადებას დაწყებული მსუბუქი ანთებით ანუ გინგივიტით, დამთავრებული მძიმე პაროდონტიტის შემთხვევებით, რომელიც სხვადასხვა ზოგადი დაავადების ფონზე მიმდინარეობს. შესაბამისად, მათ მკურნალობის მეთოდებში შედის არა მარტო “ღრმა გაწმენდა” ანუ სკეილინგი და ფესვების ინსტრუმენტირება, არამედ მრავალი სხვადასხვა სახის ქირურგიული ტექნიკა, ნაფლეთოვანი მიკროქირურგიული და პლასტიკური ოპერაციები პირის ღრუში. სპეციალური ცოდნის გარეშე პაროდონტოლოგიური პრობლემის მქონე პაციენტის მკურნალობა არაეფექტურია.
პაროდონტის დაავადების სპეციფიკიდან გამომდინარე აუცილებელია ღრძილების მუდმივი კონტროლი მიღებული შედეგის შესანარჩუნებლად, რასაც ასევე პაროდონტოლოგი აწარმოებს დაგეგმილი ვიზიტების დროს. იგი ამოწმებს ღრძილების მდგომარეობას, სისხლდენას, შეშუპებას, რეცესიების არსებობას, ძვლის განლევის ხარისხს. მის კომპეტენციაში შედის ასევე ჰიგიენური მოვლის რეჟიმის და საშუალებების შერჩევა — ჯაგრისის სახეობა და ტიპი, სავლები, კბილთაშორისი წმენდის საშუალებები. იმის მიხედვით, რამდენად დამაკმაყოფილებელია მდგომარეობა, განმეორებით ვიზიტებზე ხდება ამ რეჟიმის კორექცია საჭიროების შემთხვევაში.